საზოგადოება
21.08.2023 11:46
გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქის ქუჩები გარემოვაჭრეების მიერ უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციებისგან გაათავისუფლა

გორის მუნიციპალურმა ინსპექციამ ქალაქის იერსახის გაუმჯობესების და ანტისანიტარიის აღმოფხვრის მიზნით, გორში, ჭავჭავაძის გამზირი და გურამიშვილის ქუჩა გარემოვაჭრეების მიერ უნებართვოდ განთავსებული უსახური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილეს, დაეცვათ კანონი და გაეთავისუფლებინათ აღნიშნული ტერიტორიები.

„გარე ვაჭრობით, კანონის დარღვევის გარდა, მახინჯდება ქალაქის იერსახე, ნაგვიანდება ქუჩები, იქმნება საშინელი ანტისანიტარია და საფრთხე ექმნება მოსახლეობის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას.

გორის მუნიციპალიტეტის მერია გარემოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიულ ფართებს ქალაქის სხვადასხვა ბაზარში სთავაზობს, სადაც ისინი სპეციალური შეღავათებითაც ისარგებლებენ“, - განაცხადეს გორის მერიაში.

გორის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა უწყებამ, 4 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, 2 435 სამართალდარღვევა გამოავლინა.

შეგახსენებთ, გორში გარევაჭრობა 19 აგვისტოდან აიკრძალა.
კვირის ამბები