საზოგადოება
18.08.2023 11:56
გიორგი ანწუხელიძის გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვის და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა - ირაკლი ღარიბაშვილი

სამუდამოდ ჩაიწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, ანწუხელიძე გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებაა.

„კიდევ ერთხელ, ტკივილით, და ამავე დროს, სიამაყით ვიხსენებთ გაუტეხელი ქართული სულის საუკეთესო გამოვლინებას, რომელმაც სამუდამოდ ჩაწერა გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მისი გმირობა სამშობლოს ერთგულების, თავგანწირვისა და შეუდრეკელობის უკვდავ მაგალითად დარჩა თითოეული ჩვენგანისა თუ მომავალი თაობებისთვის”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ომის დროს, 9 აგვისტოს, 24 წლის ასაკში, ერთ-ერთი საბრძოლო მოქმედებისას ტყვედ აიყვანეს და წამებით მოკლეს ცხინვალში.

2008 წლის ნოემბრამდე გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა. მოგვიანებით, ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენებისას, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი ანწუხელიძე იყო.

2009 წლის იანვარში, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებია ასახული. ვიდეოში ჩანს, რომ ცხინვალში, მე-5 სკოლასთან მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე, ოსი და რუსი სამხედროები რიგრიგობით, ძლიერად ახტებიან ზურგზე გიორგი ანწუხელიძეს და აიძულებენ მიწას აკოცოს, სცემენ,  შეურაცხყოფას აყენებენ.

გიორგი ანწუხელიძე 1984 წელს, ახმეტის რაიონში, სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა.

კვირის ამბები