სპორტი
16.08.2023 13:26
ლეგენდარული ფალავნების ტურნირს სოფელი სკრა 18 აგვისტოს უმასპიძლებს

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში ლეგენდარული ფალავნების - შოთა ჩოჩიშვილის და კობა კურტანიძის სახელობის ტურნირი ჩატარდება ქართულ ჭიდაობაში.

როგორც „გორის მაცნესთან“ ტურნირის ინიციატორმა ანატოლი ავაზნელმა განაცხადა, შეჯიბრებაში მონაწილეობას 21 წლამდე ასაკის ჭაბუკი სპორტსმენები მიიღებენ. ისინი ერთმანეთს 5 წონით კატეგორიაში (60 კგ.,70 კგ., 80 კგ., 90 კგ. და აბსოლუტური) დაუპირისპირდებიან.

რაც შეეხება საპრიზო ფონდს, I ადგილზე გასულ სპორტსმენს 1000 ლარი გადაეცემა, II ადგილი - 500 ლარს, III ადგილის მფლობელი კი 300 ლარს მიიღებს.

აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებიდან გამარჯვებული 2000 ლარს მიიღებს, II ადგილზე გასული - 1000 ლარს, ხოლო III ადგილოსანი 500 ლარით დაჯილდოვდება.

შეჯიბრების მონაწილეთა აწონვები 13:00 და 14:00 საათზე დაიწყება. ტურნირი კი სტარტს 15:00 საათზე აიღებს.

შეგახსენებთ, შოთა ჩოჩიშვილი პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ძიუდოში ოლიმპიური ოქრო მოიპოვა. კობა კურტანიძემ კი 1989 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, გარდა ამისა, იგი არაერთგზის ევროპის ჩემპიონიც გახლდათ.

ლეგენდარული ფალავნების სახელობის ტურნირი 18 აგვისტოს ჩატარდება.
კვირის ამბები