საზოგადოება
16.08.2023 12:58
„სამოქალაქო ბიუჯეტთან“ დაკავშირებით, გორში საინფორმაციო კამპანია გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტო, „სამოქალაქო ბიუჯეტთან“ დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანიაში ჩაერთო.

სააგენტომ აქტივობაში პროგრამის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა და ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, საინფორმაციო კამპანია მოსახლეობის გააქტიურებას ისახავს მიზნად, ასევე, ახალგაზრდების ჩართულობას შეუწყობს ხელს თვითმმართველობის საქმიანობაში და გაზრდის მოქალაქეების მონაწილეობას „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელებაში.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, მოქალაქეების იდეების განსახორციელებლად გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის მიერ შერჩეულ ინიციატივებს გორის მერია 2024 წელს განახორციელებს.

რაც შეეხება „სამოქალაქო ბიუჯეტს“, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება, რაც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, დაგეგმონ გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტი დაყოფილია 28 ზონად. აღნიშნულ ზონებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა თანაბრად ნაწილდება.
კვირის ამბები