ტურიზმი
13.02.2020 14:11
გორის მერმა ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გორში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისათვის“ მეოთხე ეტაპის სამუშაოები დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ლომჭაბუკის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის, სავაჭრო ობიექტებისა და საზოგადოებრივი სანიტარული კვანძების, საპირფარეშოების მოწყობას ითვალისწინებს.

გამარჯვების მემორიალთან მიმდინარე სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოებს „სამშენებლო ტრესტი N3“ ასრულებს. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ინფრასტრუქტურული პროექტის  ღირებულება 737 940 ლარია.

„ტურისტული საინფორმაციო ცენტრის, სავაჭრო ობიექტებისა და საზოგადოებრივი საპირფარეშოებისს მოწყობა ტურისტებისათვის ხელსაყრელ გარემოს შექმნის, ტურისტებს მარშრუტების შერჩევასა და მათთვის საინტერესო ადგილების მოძიებაში დაეხმარებათ. აქვე შეეძლებათ შეიძინონ ქართული ტრადიციული სუვენირები, ადგილობრივი წარმოების ღვინო და სხვადასხვა პროდუქცია. საზოგადოებრივი საპირფარეშოების პრობლემა კი, ჩვენს ქალაქში საკმაოდ დიდი ხანია დღის წესრიგში დგას. სველი წერტილების არასაკმარისი რაოდენობა საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზს წარმოადგენდა, აღნიშნული პროექტის მეოთხე ეტაპის დასრულების შემდეგ კი, ეს პრობლემები მოგვარდება“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ევროკაშირის მიერ დაფინანსებული პროექტი გორში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით ხორციელდება და მისი წინა სამი ეტაპის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა გამარჯვების მემორიალსა და სკვერს, ასევე, რეაბილიტირდა შოთა რუსთაველის მემორიალი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ეთნოგრაფიულ მუზეუმის ეზოში კი, ტრადიციული ხელსაქმეებისთვის სახელოსნოები განთავსდა.

კვირის ამბები