საზოგადოება
16.08.2023 11:44
შიდა ქართლში სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით კალიების საწინააღმდეგო წამლობა ჩატარდა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლის, კახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში 70 ათასი ჰა ფართობი სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა, რის შედეგადაც საქართველოში კალიების პოპულაცია  კონტროლირებადია, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გლობალური კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მოსაზღვრე ქვეყნებში აღინიშნება კალიების გავრცელების  არეალის ზრდა, ამიტომ მავნებლებზე მონიტორინგი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

„საქართველოში  დანერგილია  მონიტორინგის, პრევენციის და კონტროლის უახლესი მეთოდები, რაც ხელს უწყობს მავნებლის რაოდენობის შემცირებას და იმ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზარალის თავიდან  აცილებას, რაც ამ მავნებლის უკონტროლო გავრცელებას  ახასიათებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, 10 ქვეყანასთან ერთად, ჩართულია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO) რეგიონულ პროგრამაში „კალიებთან ბრძოლის გაუმჯობესება კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებში“. პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ხდება ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან, რეგულარულად ტარდება ერთობლივი ტრანსსასაზღვრო გამოკვლევები და რეგიონული კონფერენციები საქართველოს  გამოცდილების გაზიარების მიზნით“, - აცხადებენ სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტში.

 

კვირის ამბები