ქალაქის იერსახის გაუმჯობესების და ანტისანიტარიის აღმოფხვრის მიზნით, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, 19 აგვისტოდან გარემოვაჭრეები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში (გურამიშვილის ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე) უკანონო საქმიანობას ვეღარ შეძლებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, ბოლო პერიოდში გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები არაერთხელ გააფრთხილეს. გარდა ამისა, მერიამ გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილებში საქმიანობის გაგრძელებაც რამდენჯერმე შესთავაზა.
„გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩვენი თხოვნა და ვაჭრობა განაგრძოთ კანონით გათვალისწინებულ ადგილებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გატარდება კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.
მოგეხსენებათ, რომ გარე ვაჭრობით, გარდა კანონის დარღვევისა, მახინჯდება ქალაქის იერსახე, ჯანმრთელობის საფრთხე ექმნება მოსახლეობას, არის საშინელი ანტისანიტარია, ნაგვიანდება ქუჩები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.