საზოგადოება
14.08.2023 11:24
სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, გვაახლოებს აფხაზებთან და ოსებთან ერთად სახელმწიფოს შენების პერსპექტივასთან

აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის - ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც აფხაზეთის ომის დაწყებიდან 31 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.

„31 წელი შესრულდა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენის - აფხაზეთის ომის დაწყებიდან.

გაუმართლებელმა დაპირისპირებამ ორივე მხრიდან მრავალი ჩვენი მოქალაქის - ჯარისკაცთა თუ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე შეიწირა.

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს თითოეული მათგანის ნათელ ხსოვნას.

ტერიტორიული კონფლიქტები და მათი შედეგები - ჩვენი ძირძველი მიწების დროებითი ოკუპაცია, ასეულობით ათასი ადამიანის დევნილობა საკუთარ სამშობლოში, აფხაზებსა და ოსებთან ურთიერთობა - კვლავ რჩება ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების უმთავრეს გამოწვევად, რომელზე პასუხიც მხოლოდ მშვიდობის განუხრელი დაცვით, ნდობის აღდგენით, ქვეყნის საერთო და საყოველთაო განვითარებითაა შესაძლებელი.

აფხაზებთან და ოსებთან ერთად მშვიდობიანი, ძლიერი, განვითარებული სახელმწიფოს შენება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენთვის, ყველასთვის, და ამდენად, ეს ყოველი ჩვენგანის საერთო საქმეა. ღრმად მწამს, რომ გონივრული, ნდობის აღდგენაზე ორიენტირებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ვახორციელებთ, თანამიმდევრულად გვაახლოებს ამ მიზანთან“, - აღნიშნულია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, 1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. სოჭი-ინგირის სარკინიგზო მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის ტერიტორიაზე შესულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიას, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას განკარგულებით შექმნილმა „აფხაზურმა გვარდიამ“, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეისთან ცეცხლი გაუხსნა.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა.

კვირის ამბები