თანამედროვე ქართული სამხედრო-სამედიცინო სამსახურის ისტორია საქართველოს თავდაცვის ძალების ჩამოყალიბების დღიდან იწყება. არსებობის მანძილზე, მან არაერთი სტრუქტურული ცვლილება განიცადა და განვითარებული ქვეყნების შესაბამისი სამსახურების მოდელებს მიუახლოვდა. 1992 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს ახალციხის სამხედრო ჰოსპიტალი გადმოეცა, რის საფუძველზეც, ეს თარიღი საქართველოში სამხედრო მედიცინის დღედ აღინიშნება.
1993 წელს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, სამხედრო-სამედიცინო ფაკულტეტი გაიხსნა, რომელმაც თავდაცვის ძალებს, წლების განმავლობაში, არაერთი პროფესიონალი სამხედრო ექიმი მოუმზადა. 1996 წელს, გენერალ-მაიორ ალექსანდრე რამიშვილის ხელმძღვანელობით, თბილისში, პირველი ქართული სამხედრო ჰოსპიტალი დაარსდა, რომელიც 2006 წელს, ქალაქ გორში განლაგდა. 2004 წელს, საქართველოს თავდაცვის ძალებში პირველი სამედიცინო ბატალიონი ჩამოყალიბდა.
2014 წელს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, სამხედრო-სამედიცინო სკოლა დაარსდა, რომელშიც, საწყის ეტაპზე, მომზადებას საბრძოლო მაშველები და სამოქალაქო ექიმები გადიოდნენ. 2016 წელს, პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, სკოლამ სამხედრო ექიმების მომზადება დაიწყო.
ქართველმა სამხედრო ექიმებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. მათ არაერთხელ გამოიჩინეს თავი საბრძოლო მოქმედებებისა და სამხედრო სწავლებების დროს.