საზოგადოება
11.08.2023 13:08
ამ დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, როდესაც ჩვენი გმირები შინდისში იბრძოდნენ, ქვეყნის მაშინდელი მთავარსარდალი, სააკაშვილი, თვითმფრინავის ხმის გამო გაიქცა

როდესაც აქ ლომების არმია თავგანწირვით იბრძოდა, სათავეში გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი იდგა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა შინდისში, გმირების მემორიალთან განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, მთავრობამ უნდა მოახერხოს და აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

 

„გმირების გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. მათ, სამშობლოს, ყველაზე ძვირფასს, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და უდიდესი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითი დაგვიტოვეს. ამით ჩვენი მომავალი თაობა უნდა გაიზარდოს. მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, მათ ოჯახებს ასეთი გმირების გაზრდისთვის მადლობა გადავუხადო, მათი ნათელი სულის წინაშე კიდევ ერთხელ ქედს იხრის. იცით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეგონა თითქოს აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა, არადა, მხოლოდ 17 ადამიანი იყო. ეს არის სიმამაცისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.

ჩვენი სირცხვილია ის, რომ ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს ქვეყნის მაშინდელი მთავარსარდალი, სააკაშვილი, თვითმფრინავის ხმის გამო გაიქცა. მას სტუმრად ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ, როდესაც აქ ჩვენი გმირები იბრძოდნენ, მთელმა მსოფლიომ საქართველოს პრეზიდენტი მიწაზე გართხმული იხილა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ლომების არმია თავგანწირვით იბრძოდა, სათავეში გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი იდგა.

საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა სწორი განაჩენი გამოიტანა. რა თქმა უნდა, ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ჭკუითა და გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით, უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს. მათი ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინიტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, შიდა ქართლის გუბერნატორთან მიხეილ შაყულაშვილთან, გუბერნატორის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც 15 წლის წინ, რუსულ სამხედრო დანაყოფთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს.

შეგახსენებთ, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

კვირის ამბები