გმირების გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. მათ, სამშობლოს, ყველაზე ძვირფასს, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს და უდიდესი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი დაგვიტოვეს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში, შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა.
პრემიერის თქმით, მომავალი თაობა ასეთი გმირობის მაგალითებზე უნდა გაიზარდოს.
„მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, ასეთი გმირების გაზრდისთვის, მათ ოჯახებს მადლობა გადავუხადო, მათი ნათელი სულის წინაშე კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო.
იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ეგონა, თითქოს, აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა, არადა, მხოლოდ 17 ადამიანი იყო. ეს არის სიმამაცისა და ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი.
რა თქმა უნდა, ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, მაგრამ ჩვენ, ჩვენი ჭკუით და გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს. მათი ხსოვნის წინაშე ქედს ვიხრი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის მინიტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, შიდა ქართლის გუბერნატორთან მიხეილ შაყულაშვილთან, გუბერნატორის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან, გორის მუნიციპალიტეტის მერთან ვლადიმერ ხინჩეგაშვილთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ შინდისში იმყოფებოდნენ, სადაც 15 წლის წინ, რუსულ სამხედრო დანაყოფთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეგახსენებთ, 2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.