17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის - ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სოფელ შინდისში, შინდისის გმირების მემორიალთან განაცხადა. თავდაცვის მინისტრმა მთავრობის ხელმძღვანელთან ერთად გვირგვინით შეამკო 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურის მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
,,დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ჩვენი შინდისის გმირები.... 17 გმირი არის სახე და მაგალითი საქართველოს ისტორიის - ერთ მხარეს იდგა 17 გმირი და მეორე მხარეს უსამართლობა. ხუთი ტანკი, ასეული, ჯავშანტექნიკა, მსხვილკალიბრიანი იარაღი, აი, რა იყო დაპირისპირებული 17 გმირის წინააღმდეგ, თუმცა, მათ ჩვენი გმირები ვერ გატეხეს. ასე არის ისტორიის მანძილზეც - ჩვენს გმირებს ვერ გატეხენ და ჩვენს გმირებზე დგას ჩვენი სამშობლო და ჩვენი მომავალი“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა შინდისის გმირების მონუმენტთან დაკავშირებითაც.
,,მონუმენტი დაიწყო ფონდმა, თუმცა, ჩვენ დავასრულეთ და მიმდებარე ტერიტორია კეთილმოვაწყეთ. მინდა ვთქვა, რომ რეკრეაცია დასრულებულია და რაც შეიძლება გაკეთებულიყო, ყველაფერი გავაკეთეთ.
რაც შეეხება რკინიგზის სადგურის ყოფილ შენობას, სადაც 15 წლის წინ, ამ დღეს ეს დაპირისპირება მოხდა, ჩვენ გადმოგვეცა წელს აღნიშნული შენობა, ჩვენი რესურსებით დავიწყეთ პროექტირება, ჯერ ტექნიკური დავალების მომზადება და შემდგომ დაიწყება რეაბილიტაცია სამუზეუმო სივრცისთვის“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.