რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ყველაზე ცნობილი ეპიზოდის - შინდისის ბრძოლიდან 15 წელი გავიდა. დღეს, შინდისის გმირების მემორიალთან, გარდაცვლილთა ახლობლები და თანამებრძოლები, ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
2008 წლის 11 აგვისტოს, სენაკის ბატალიონის მე-2 ქვეითი ბრიგადა, საინჟინრო ქვედანაყოფთან ერთად, საავტომობილო კოლონით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც, შინდისის რკინიგზის სადგურზე, ქართული ქვედანაყოფი რუსული მოტომსროლელი ბატალიონის ჩასაფრებაში მოყვა.
შეტაკებისას, ორმხრივი სროლა 70 მეტრის რადიუსში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, ალყაში მოქცეულ ქართულ ქვედანაყოფს საბრძოლო რესურსი მხოლოდ საათსა და ოც წუთს ჰქონდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგეს დიდი ზიანი მიაყენა.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს, საქართველოს თავდავცის ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
შინდისში, შეირაღებული დაპირისპირების ადგილზე, უკვე დამონტაჟებულია შინდისის გმირების პორტრეტული მონუმენტიც.