წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წელს, არასტანდარტული ვაშლის მოსავალი 50 ათას ტონაზე მეტი იქნება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, იმისთვის, რომ დაუბინავებელი არ დარჩეს წარმოებული პროდუქცია, ფერმერებს არ შეექმნათ მოსავლის რეალიზაციის პრობლემა და მიიღონ შემოსავალი, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, წინა წლების მსგავსად, წელსაც განხორციელდება.
„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამამუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2023 წლის 15 დეკემბრამდე ფერმერებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.
პროგრამის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვაშლის ჩაბარების პროცესს კოორდინაციას ადგილზე გაუწევს.
ხილის გადამმუშავებელი საწარმოები, რომლებიც ჩაერთვებიან პროექტში, ვალდებულნი იქნებიან, საკოორდინაციო შტაბში ელექტრონული ფორმით გაიარონ რეგისტრაცია“, - აცხადებენ სააგენტოში.
შეგახსენებთ, გასულ წელს, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა 73 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 17,7 მლნ. ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, ხოლო სახელმწიფო სუბსიდია 10 მლნ. ლარს აღემატებოდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან არასტანდარტულ ვაშლს შარშან ხილის გადამამუშავებელი 15 საწარმო იბარებდა. ვაშლის ძირითადი მოსავალი შიდა ქართლში მოდის.