მომდევნო დღეებში მოსალოდნელ უნალექო ამინდებთან დაკავშირებით, რომელიც ხანძრის გაჩენის რისკებს უკავშირდება, უწყება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გამოიჩინონ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.
„ნუ დატოვებ ტყეში კოცონს უყურადღებოდ!
ნუ დაანთებთ კოცონს ტყეში, გამხმარი ბალახის ან ტოტების სიახლოვეს;
კოცონის, ან ღია ცეცხლის ჩაქრობისას დარწმუნდით, რომ არ დარჩა გაღვივებული ნაკვერჩხალი;
საგულდაგულოდ დაამუშავეთ ცეცხლის კერა წყლით, ან ბარის პირით ნიადაგის ფენების გადაბრუნებით;
ყურადღება მიაქციეთ ტყის მიმდებარედ ამკრძალავ ნიშნებს;
დაიცავი ტყეში ქცევის წესები, გაუფრთხილდი გარემოს.
ხანძრის კერის, ან დაკვამლიანების შემჩნევის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ში“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდა. გარემოზე მიყენებული ზიანისთვის ჯარიმა 1000 ლარს აღემატება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კი 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.