საზოგადოება
09.08.2023 13:57
ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება

ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,

აღნიშნული დაფინანსებით ისარგებლებენ ონკოლოგიური დაავადების მქონე ის პირებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.

„ონკოლოგიური პაციენტებისთვის, სრულფასოვან მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნული მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება. ცვლილება უკვე დაამტკიცა საქართველოს მთავრობამ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

კვირის ამბები