რუსეთ-საქართველოს ომიდან თხუთმეტი წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, გორში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გორში არსებული საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სახელობის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაღი ყველაზე მეტად შიდა ქართლს ამჩნევია. ხელისუფლება მუშაობს, რომ საქართველო გახდეს წარმატებული და ძლიერი, რაც საქართველოს გაერთიანების საწინდარი იქნება.
„მოგეხსენებათ, 15 წლის წინ ჩვენი უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უმძიმესი ფურცელი დაიწერა, რასაც რუსეთ-საქართველოს ომი ჰქვია. შედეგად, ჩვენი ქვეყნის 20 %-ია ოკუპირებული გარდა ამისა, არაერთი ვაჟკაცი გმირი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა ომს. ადამიანები იძულებულები გახდნენ დაეტოვებინათ და საკუთარ ქვეყანაშივე გამხდარიყვნენ დევნილები.
ამ ომის დაღი ყველაზე მეტად შიდა ქართლს ამჩნევია - ოთხივე მუნიციპალიტეტს შუაზე ყოფს საოკუპაციო ზოლი. მავთულხლართებს ადგილობრივების საცხოვრებლები აქვს გაყოფილი. მშვიდობის ფასი არაფერია, ჩვენ ყოველთვის ვაფასებთ ადამიანების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ვმუშაობთ, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, ძლიერი როგორც ეკონომიკურად, ასევე, პოლიტიკურად, სწორედ ეს იქნება საქართველოს გაერთიანების საწინდარი“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს, 8 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, სრულმასშტაბიანი ინტერვენციისა და საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციიდან 15 წელი გავიდა.
აგვისტოს ომის შედეგად, 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა და ბევრი დღემდე დევნილად რჩება.