საქართველოს პარლამენტმა 13 ივნისს მხარი დაუჭირა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც სასამართლოს აქტების ხელმისაწვდომობის ახალი სტანდარტი დაწესდა.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება.
„საზოგადოება შეძლებს სასამართლოს გადაწყვეტილებები საჯარო ინფორმაციის სახით მოითხოვოს, მიიღოს, გაეცნოს და ჩამოიყალიბოს საკუთარი პოზიცია, მათ შორის, სასამართლოს მიერ მიღებულ მაღალი საჯარო ინტერესის მქონე გადაწყვეტილებებზე.
IDFI გააგრძელებს სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის მონიტორინგს და იმედს გამოვთქვამთ, რომ 2024 წლიდან განხორციელებული ცვლილებები ჰპოვებს სათანადო ასახვას პრაქტიკაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ავრცელებს.
ცნობისთვის, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამების ხელშეწყობით, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ განხორციელებული ხანგრძლივი ადვოკატირების შედეგად, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის მიმართულებით არსებული მდგომარეობა ნორმატიულ (კანონის) დონეზე გაუმჯობესდა.