საზოგადოება
08.08.2023 15:09
ჩვენი ძირითადი გამოწვევა ომის მშვიდობიანი გზით დაძლევა და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ქვეყნის გაერთიანებაა - თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო გორში.

სახელმწიფო მინისტრმა გორის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და გორის და ატენის მიტროპილიტთან, მეუფე ანდრიასთან (გვაზავა) ერთად, დაღუპულთა სულების მოსახსენებელ პარაკლისს დაესწრო.

„15 წელი გავიდა მას შემდეგ რაც რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ განახორციელა ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია და ძალის გამოყენებით უკანონოდ დაარღვია სუვერენული ქვეყნის საზღვრები. ჩვენ ყოველდღე გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომში, ქვეყნის ერთიანობისთვის დაღუპული ჩვენი ვაჟკაცი გმირები და მსურს პატივი მივაგო მათ ხსოვნას. მივუსამძიმრო მებრძოლთა, საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლთა ოჯახებს და თანადგომა გამოვუცხადო მათ.

საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების უგულებელყოფით რუსეთი დღემდე განაგრძობს საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, აფხაზეთის და ცხინვალის შემდგომ იზოლაციას, საკუთარი უკანონო ქმედებებით.

ჩვენი ქვეყნის ძირითადი გამოწვევა ომის მშვიდობიანი გზით დაძლევაა. საოკუპაციო ხაზით გაყოფილი ქვეყნის გასაერთიანებლად ვაგრძელებთ ერთიანი სამთავრობო და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით მოქმედებას.

მჯერა, შევძლებთ ერთიან, ძლიერ და განვითარებულ სახელმწიფოში აღვადგინოთ  ნდობაზე და პატივისცემაზე დამყარებული თანაცხოვრება ომით დაშორებულ ადამიანებს შორის“, -   აღნიშნა თეა ახვლედიანმა

 

 

კვირის ამბები