საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევ კონკურსზე რეგისტრაციის ვადა 17 თებერვალს იწურება.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება აქვს, ამასთან, კონკურსანტს განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილებაც მოეთხოვება.
აღნიშნული პროცესი უკვე მოქმედ სერტიფიცირებულ სკოლის დირექტორებს არ ეხებათ, თუმცა, ტესტირების გავლა აუცილებელი იქნება იმ პირებისთვის, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და სერტიფიკატი არ აქვთ.
სერტიფიცირების ეტაპი ორი ნაწილისაგან შედგება, პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას, რომელიც ტარდება ელექტრონულად, მართვის სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. რაც შეეხება ტესტირებისათვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს, ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60 პროცენტს შეადგენს, მეორე ნაწილი კი მოიცავს გასაუბრებას კომისიასთან.
დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი მოქმედებს 7 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ 7 წლის განმავლობაში პირმა არ ისარგებლა ამ სერტიფიკატით, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, დირექტორობის უფლების მქონე პირი კარგავს დირექტორობის უფლებას.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის 67 საჯარო სკოლის უმრავლესობას 2014 წელს არჩეული (6 წლის ვადით) დირექტორი ხელმძღვანელობს, ნაწილს კი - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. უფრო კონკრეტულად: გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 67 საჯარო სკოლიდან, 21 მათგანს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ხელმძღვანელობს. 44 სკოლაში სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორია, 2 სკოლაში კი - მინისტრის მიერ დისკრეციული უფლებამოსილებით დანიშნული (სერტიფიცირებული) დირექტორი.
საჯარო სკოლების იმ ხელმძღვანელებს, რომლებიც 2014 წელს აირჩიეს, დირექტორობის ექვსწლიანი ვადა მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწურებათ და შესაბამისად, სკოლების ხელმძღვანელების შერჩევა ხელახლა მოხდება.
დირექტორობის კანდიდატად, სხვა სერტიფიცირებული პირების გარდა, ხელახლა გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ამჟამინდელ დირექტორებსაც.
კანდიდატებს აპლიკაციის შევსება ონლაინ შეუძლიათ ოფიციალურ გვერდზე: www.directors.mes.gov.ge.