საზოგადოება
08.08.2023 12:16
2008 წლის აგვისტოს მეთხუთმეტე წლისთავთან დაკავშირებით, გორში ღონისძიებები მიმდინარეობს
რუსეთ-საქართველოს ომიდან თხუთმეტი წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, გორში სხვადასხვა ღონისძიება მიმდინარეობს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გორში არსებული საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სახელობის
მემორიალები გვირგვინებით შეამკეს.

ამავდროულად, დღეს, ტრადიციულად, გორისა და ატენის ეპარქიის მმართველმა, მეუფე ანდრიამ (გვაზავა) ომში დაღუპულთა სულების სახელზე, საკათედრო ტაძრის მიმდებარედ არსებულ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელობის ქვა-ჯვართან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდი აღავლინა.
პანაშვიდს სასულიერო პირებთან ერთად, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ასევე, რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

„კურთხეულ იყოს სამშობლოსთვის გატეხილი მახვილი, კურთხეულ იყოს სისხლი და ცრემლი მისთვის დაღვრილი, - ასე აწერია 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელობის ქვა-ჯვარს. დღეს ვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომელთაც პირნათლად შეასრულეს ვალი ერისა და სამშობლოს წინაშე. იბრძოლეს, იშრომეს, ქალაქი არ დატოვეს, შეეცადნენ თავის ადგილას ყოფილიყვნენ და გაეკეთებინათ მათი საკეთებელი: ვიღაცისთვის დახმარების ხელი გაეწვდინათ, ვიღაცა გაემხნევებინათ, ვიღაცის გაჭირვება გაეზიარებინათ და ასევე, დაეცვათ ყოველი გოჯი.

სამწუხაროდ, უახლესი ისტორიის აგვისტოს დღეები ჩვენი ერისათვის ბევრი ცრემლით არის დატვირთული - აფხაზეთის ომი აგვისტოში დაიწყო, 2008 წლის აგვისტო და აგვისტო შოვის ტრაგედიისა, რასაც ამ დღეებში ვგლოვობთ. ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მათ და სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირებს, რომელთა ღვაწლით გამთლიანებულიყოს სრულიად საქართველო, ამინ“! - აღნიშნა მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე ანდრიამ.
კვირის ამბები