საზოგადოება
08.08.2023 11:14
აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების აქცია მოეწყო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების აქცია მოეწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან სომონ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად, მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

ტრადიციულ ღონისძიებას, რომელიც ყოველ აგვისტოს გორში იმართება, ესწრებოდნენ, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლები.

მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ინსტალაცია - სვეტი, რომელზეც მანათობელი შუქით აგვისტოს ომში დაღუპული, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების სახელები და გვარებია გამოსახული და ამოკითხვაა შესაძლებელი.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მწუხარება გამოთქვა რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო და მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს.

„პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს.

რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 2008 წლის აგვისტო. 15 წლის წინ გორმა განსაკუთრებით მძიმე დღეები გამოიარა. აქ, ამ ადგილას, ტრადიციულად ყოველ წელს ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა. ყოველთვის ვიამაყებთ ამ ადამიანებით, ქედს ვიხრი მათ წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს“, - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.
კვირის ამბები