საზოგადოება
07.08.2023 12:18
გორელი ახალგაზრდების მეორე ნაკადი დღეს ბაკურიანში გაემგზავრა

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მეორე ნაკადი დღეს, 7 აგვისტოს ბაკურიანში, „საზაფხულო ბანაკი 2023“-ში გაემგზავრა.

პროექტს გორის მუნიციპალიტეტის მერია აფინანსებს და ამჯერად ბანაკში 50 მოზარდი მიიღებს მონაწილეობას.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ბანაკის წევრებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.

„ბანაკში, გართობასთან ერთად, ახალგაზრდები შეისწავლიან ემოციების მართვას, ეფექტური კომუნიკაციას, პროფესიულ ორიენტაციას, კარიერის დაგეგმვას, ასევე, ჩაუტარდებათ ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ისწავლიან პროექტების წერას და სხვა.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ასევე, შემეცნებითი, კულტურული, სპორტული და გასართობი აქტივობებიც“, - გორის მაცნესთან საუბარში აღნიშნა „ახალგაზრდა მკვლევართა და გამომგონებელთა ცენტრის ხელმძღვანელმა, ბანაკის ერთ-ერთმა კოორდინატორმა იოსებ მეზვრიშვილმა.

ბანაკის მეორე ნაკადის მონაწილემ, სოფიო ყაყიტაშვილმა კი ემოციები გაგვიმხილა და „გორის მაცნესთან“ მადლობა გაგაუხადა ადგილობრივ ხელისუფლებას და აღნიშნა, რომ ბანაკი კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ და დასვენებასთან ერთად, შეისწავლონ ის უნარ-ჩვევები, რაც მომავალ საქმიანობაში გამოადგებათ.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, ბანაკი კონკურსის წესით შერჩეულ 150 ბენეფიციარს (16-დან 20 წლის ჩათვლით) სამ ნაკადად უმასპინძლებს. თითოეულ ნაკადზე 50 მონაწილე გაემგზავრება და ბაკურიანში ხუთი დღე დარჩებიან.

კვირის ამბები