მსუბუქი კვადროციკლისა და მსუბუქი მოტოციკლის მართვის უფლების მისაღებად, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მართვის მოწმობას ახალი კატეგორია - „AM“ და „A2“ ქვეკატეგორია დაემატება. კატეგორია - „AM“ მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს აერთიანებს, „A2“ ქვეკატეგორია კი, მფლობელისთვის, მსუბუქი მოტოციკლის (რომლის სიმძლავრე არ აღემატება 35 კვტ-ს და სიმძლავრის/წონის კოეფიციენტი არ აღემატება 0,2 კვტ/კგ-ს) მართვის უფლების მინიჭებას გულისხმობს. როგორც შსს-ში აცხადებენ, დღეისთვის, მოპედის მეშვეობით ადგილზე მიტანის სერვისში ძალიან ბევრი 18 წლამდე ასაკის პირია დასაქმებული და ზემოხსენებული ცვლილებები სწორედ მათი უსაფრთხოების მიზნით დაიგეგმა: „იცვლება „A1“ ქვეკატეგორიის და „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის უფლებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკი და 17-ის ნაცვლად 18 წელი ხდება. ამასთან, ცვლილებების მიხედვით, 18 წლამდე ასაკის პირს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ AM (მოპედი), T (ტრაქტორი) და B1 (კვადროციკლი) კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება“, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში.