საზოგადოება
04.10.2019 12:17
დამირეკეს და მითხრეს, რომ შემიძლია წამოვიღო ის დაპირებული კოტეჯი - ლევან რაზმაძე

საოკუპაციო ხაზთან მდებარე გუგუტიანთკარიდან დევნილი რაზმაძეები ,,ლელოს“ ნაჩუქარ კოტეჯს გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაასაწყობებენ. სახლის გადაცემის შესახებ ,,ლელოს“ წარმომადგენლებმა ოჯახს დღეს აცნობეს.

,,დამირეკეს და მითხრეს, რომ შემიძლია წამოვიღო ის დაპირებული კოტეჯი და დავასაწყობო სადაც მიზანშეწონილად ჩავთვლი. ახლა გუგუტიანთკარში ვარ, წამოვიღებ და ამ ატაპზე გორში, ჩვენი სახლის ეზოში ჩამოვცლი კოტეჯის კონსტრუქციებს. როცა შესაბამის ადგილს მოვძებნი, მერე ავაწყობ სახლს“, - განაცხადა ,, ინტერპრესნიუსთან“ ლევან რაზმაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ლელოს“ წარმომადგენლებმა რაზმაძეების ოჯახისთვის თითქმის ერთი თვის წინ დაპირებული კოტეჯი ჯერ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან მიიტანეს და შენობის დასადგმელად გუგუტიანთკარში შესაბამისი ფართის გამოყოფა მოითხოვეს, შემდეგ კი, კოტეჯის კონსტრუქციები სოფელ გუგუტიანთკარში ჩაიტანეს. რაზმაძეების წინადადებაზე, რომ კოტეჯის კონსტრუქცია შესაბამისი ფართის მოძიებამდე გორში, მათი სახლის ეზოში დაესაწყობებინათ, ,,ლელოს“ წარმომადგენლებმა თავდაპირველად უარი განაცხადეს.

 

კვირის ამბები