გორის „დილამ“ უეფას კონფერენსლიგის მეორე ეტაპის საპასუხო მატჩში პოლტავის „ვორსკლა“ ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგის კარში პირველი გოლი ოთარ ფარულავამ გაიტანა. თითო გოლის ავტორია ნიკოლა კოვტალიუკი და ტიერი გეილიც.
რაც შეეხება „ვორსკლას“, გორის „დილას“ კარში გოლი რუსლან სტეპანიუკმა გაიტანა.
„კარგად ვითამაშეთ, მატჩს ვაკონტროლებდით, თუმცა გოლების გატანას ვერ ვახერხებდით. ტაიმის ბოლოს გატანილმა ერთმა გოლმა კი დიდი ძალა მოგვცა. დავინახეთ, რომ სწორი გზით მივდიოდით და დავიჯერეთ, რომ მატჩის მოგება დამატებითი დროის გარეშე შეგვეძლო.
გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ გუნდი, რომელიც დაცვიდან თამაშობს და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობს, სივრცეებს ბოლომდე ვერ კეტავს. ადამიანური ფაქტორი მაინც მუშაობს - სადღაც ფეხბურთელი ვერ ჩაასწრებს, სადღაც საჭიროდ ვერ იმოქმედებს. ასეც მოხდა - მომენტები შეგვექმნა და ძალიან კარგია, რომ მათი გამოყენება შევძელით.
მთელი თამაში პრესინგს ვთამაშობდით, ვცდილობდით მეტოქისთვის ფიქრის დრო არ მიგვეცა ამით მოწინააღმდეგეს თვითრწმენას ვუმცირებდით. გეგმამ იმუშავა, გოლები გავიტანეთ და ჩვენმა მცველებმა „ვორსკლას“ შეტევებს თავი გაართვეს. მხოლოდ ერთ ეპიზოდში გაგვიჭირდა, მაგრამ კონტროლი მალევე დავიბრუნეთ“, - აღნიშნა გორის „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ.
შეგახსენებთ, ქართულ-უკრაინულ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, გორის „დილა“ კვიპროსულ „აპოელს“ დაუპირისპირედება. მატჩი 10 აგვისტოს ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე ჩატარდება.