გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა, ამინ“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია ნათქვამი.
კათოლიკოს-პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს სტიქიური უბედურების შედეგად რაჭაში განვითარებული მოვლენების და გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო.
„მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო.
რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია.
ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა” ამინ! ასევე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი.
ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.
შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 6 პირი, 35 ადამიანთან დაკავშირება კი ვერ ხერხდება.