საზოგადოება
04.08.2023 11:56
რაჭაში, სტიქიის ზონაში ნაპოვნია 6 ადამიანის ცხედარი, 210 ადამიანი გამოყვანილია სტიქიის ზონიდან, 35-თან დაკავშირება ვერ ხერხდება

რაჭაში, სტიქიის ზონაში, შოვში, ვერტმფრენების საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შსს-ს ცნობით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოსახლეობასთან მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრე მაშველები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ.

ცოტა ხნის წინ, მაშველებმა კიდევ ოთხი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის, ჯამში, 6 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.

სტიქიის ზონიდან 210 ადამიანია გამოყვანილი.

სტიქიის ზონაში, ძებნა-შველის ღონისძიებაში 400-მდე მეხანძრე - მაშველი და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები არიან ჩართულები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი, კოტეჯების ადგილზე კი ფრაგმენტებია დარჩენილი და იმ ადგილებამდე მისვლას მაშველები ჯერ ვერ ახერხებენ იმის გამო, რომ მიწის მასის ძალიან სქელი ფენაა და მეხანძრე-მაშველები ამ მასაში ეფლობიან.

რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი ირაკლი ღარიბაშვილიც.

კვირის ამბები