საზოგადოება
03.08.2023 15:39
ჯემალ ბალიაშვილი - გორელი აბიტურიენტი, რომელმაც მათემატიკის გამოცდაში მაქსიმალური 51-დან 51 ქულა აიღო
მათემატიკის გამოცდის პირველადი შედეგები უკვე გამოქვეყნდა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეთლემში მცხოვრებმა ჯემალ ბალიაშვილმა მათემატიკაში მაქსიმალური 51-დან 51 ქულა აიღო.
წარმატებული ახალგაზრდა სოფელ სკრის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კი პავლე სართანიაა.
„ჯემალი ჩვენი სკოლის ოქროსმედალოსანია და ვამაყობთ, რომ მან მათემატიკაში, ერთ-ერთ ყველაზე რთულ გამოცდაში, უმაღლესი ქულა აიღო. ჯემალის წარმატების მიღწევაში უდიდესია მისი პედაგოგის როლიც“, - „გორის მაცნესთან“ საუბარში აღნიშნა სკრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ლანა ფერაძემ.
ცნობისთვის, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე გამოაქვეყნა ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში, მათემატიკასა და ისტორიაში.
შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადების მიღება ყველა საგნის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება.
კვირის ამბები