საზოგადოება
03.08.2023 13:39
გორის და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს მოსახლეობა პირველ ოქტომბერს აირჩევს

საქართველოს პარლამენტის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი განკარგულებები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) უკვე მიიღო და, შესაბამისად, გორის და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს მოსახლეობა პირველ ოქტომბერს აირჩევს.

როგორც „გორის მაცნესთან“ #32  გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ოლქში სულ 68 უბანია შექმნილი. მათ შორის, 52 უბანში არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, ხოლო 16- ში, ტრადიციულად მოხდება ხმის მიცემა.

„სიახლეა ის, რომ აღნიშნულ არჩევნებზე ელექტრონულ ტექნოლოგიებს გამოვიყენებთ, აქედან გამომდინარე, გორის ოლქში რამდენიმე უბანი გაერთიანდა და თითოეულ უბანზე 3000-მდე ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს.

ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 52 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, ხოლო 16 უბანზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით გაიმართება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის“, - აღნიშნა მალხაზ მირუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

ამ ეტაპისთვის უცნობია საქართველოს პარლამენტის გორის და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა ვინაობაც.

კვირის ამბები