საზოგადოება
03.08.2023 12:08
კლინიკების და ფარმაცევტული კომპანიების შემოწმების გამკაცრებული წესები 1-ლი აგვისტოდან შევიდა ძალაში

მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან კლინიკების და ფარმაცევტული კომპანიების შემოწმების გამკაცრებული წესები შევიდა ძალაში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონმდებლობის თანახმად, რეგულირების სააგენტოს პაციენტის საჩივარზე დაუყოვნებელი რეაგირების შესაძლებლობა ექნება. კერძოდ, საჩივრის დაფიქსირებისთანავე, რეგულირების სააგენტოს უფლება ექნება, გაუფრთხილებლად, დღე-ღამის ნებისმიერ დროს შევიდეს სამედიცინო დაწესებულებასა თუ ფარმაცევტულ საბითუმო სადისტრიბუციო და მწარმოებელ კომპანიებში. პარალელურად, ამის შესახებ სააგენტომ სასამართლოს უნდა აცნობოს.

მთავრობის დადგენილებით, განისაზღვრა რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები და ისიც, რა შეიძლება გახდეს მონიტორინგის საფუძველი.

დადგენილების თანახმად, სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით კონტროლის განხორციელების საფუძველი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეიძლება, იყოს:

  • პაციენტის ან მისი წარმომადგენლის წერილობითი საჩივარი;
  • ორსულის, ახალნამშობიარები ქალის ან/და ახალშობილის ან ბავშვის გარდაცვალება;
  • ადმინისტრაციული ორგანოს მიმართვა;
  • პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმე გართულება ან მისი მოულოდნელი გარდაცვალება, რაც ცნობილ იქნა მასობრივი ინფორმაციის საშუალებით.

 

კვირის ამბები