დღეს, 3 აგვისტოს, გორის „დილა“ უკრაინის კლუბ პოლტავას „ვორსკლასთან“ უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას გამართავს. მატჩთან დაკავშირებით, „დილას“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. როგორც მან განაცხადა, მეტოქე კარგად შეისწავლეს და ყველა ისე შეცდომა გაანალიზეს, რომელიც გასულ მატჩებში დაუშვეს.
„უკრაინის კლუბ პოლტავას „ვორსკლასთან“ პირველი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გავააანალიზეთ. დაწვრილებით განვიხილეთ გასული მატჩების ყველა შეცდომა და შევეცდებით, საპასუხო თამაშში ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ.
პირველმა მატჩმა მეტოქისგან ბევრი ისეთი ნიუანსი დაგვანახა, რასაც არ მოველოდით, თუმცა ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი. თუ გვსურს, რომ მოედანზე ვდომინირებდეთ, აუცილებელია ბურთი გავაკონტროლოთ. ჩვენი გულშემატკივარი ყოველთვის დიდ ძალას გვაძლევს და საკუთარ მოედანზე მათთან ერთად ამ ორრაუნდიანი ბრძოლის მოგების ძალა შეგვწევს“, - აღნიშნა დემჩენკომ.
შეგახსენებთ, ქართულ-უკრაინულ გუნდებს შორის მატჩი 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონი უმასპინძლებს.