„ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება მედეგი საზოგადოებისთვის“ - ადამიანის უფლებათა ცენტრმა პროექტი დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი 2025 წლის იანვრის ჩათვლით უფასო სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ჟურნალისტური საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს, საქართველოში არსებული მედიაგარემოს შესაფასებლად ჩაატარებს კვლევას, რომლის მიზანიც, ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, შესწავლა, შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება იქნება. გარდა ამისა, ჟურნალისტების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ საინფორმაციო ბროშურებს მოამზადებს და უფლებების დაცვის მექანიზმების გაცნობის და პრაქტიკაში გამოყენების მიმართულებით ჩაერთვება პარტნიორი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებში.
ცნობისთვის, პროექტი დოიჩე ველე აკადემიასთან და მედიის განვითარების ფონდთან თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით ხორციელდება.