საზოგადოება
02.08.2023 12:01
ქართლელ ფერმერებს ექსპერტებმა ხეხილოვანი კულტურების მავნებლებთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება გაუზიარეს

გორის მუნიციპალიტეტში ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, შიდა ქართლში მცხოვრებ ფერმერებს მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის პრინციპები გააცნეს. ასევე, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორმა გრეგ კრავჩუკმა ქართველ ფერმერებს ხეხილოვანი კულტურების მავნებლებთან ბრძოლის ამერიკული გამოცდილება  გაუზიარა.

„გორის მაცნესთან“ საუბარში „კარტლისის“ აგროსისტემების სამეცნიერო კონსულტანტმა დავით კაკაშვილმა აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს ძირითადი აქცენტი ხეხილოვანი კულტურის - ვაშლის დაავადებებსა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე გაკეთდა. მისი თქმით, საინტერესო იყო ამერიკელი სპეციალისტის გამოცდილების გაზიარებაც.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა მესხმა განაცხადა, სახელმწიფო სხვდასხვა მავნებლის იდენტიფიცირებისთვის ქვეყნის მასშტაბით  მონიტორინგს ახორციელებს და ფერმერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიებებს მართავს, რაც მათ სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებლებისგან მიყენებული ზიანის შემცირებას და  ხარისხიანი  მოსავლის მიღებაში დაეხმარება.

გორის მუნიციპალიტეტში მცენარეთა დაცვის საკითხებზე შიდა ქართლში მცხოვრებ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრები ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ხელშეწყობით გაიმართა.
კვირის ამბები