საზოგადოება
01.08.2023 15:55
ეს არის მესამე სკოლის დირექტორის მანქანა, რომელსაც რეცხავს ამავე სკოლის დამლაგებელი - სკოლის ყოფილი პედაგოგი თეა კეჩხუაშვილი ფოტოს ავრცელებს

,,ეს არის მესამე სკოლის დირექტორის მანქანა, რომელსაც რეცხავს ამავე სკოლის დამლაგებელი....

აი, მისი მორალი, გამოიყენოს ყველა და ყველაფერი საკუთარი თავისთვის...

შეხედეთ ქალბატონების ასაკს, სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ....

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აი, ვის აქვს პრეტენზია დირექტორობაზე…“, - წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე თეა კეჩხუაშვილი და ინფორმაციასთან ერთად ფოტოს ავრცელებს, სადაც ჩანს, რომ თეთრი ფერის ,,ტოიოტას“ მარკის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით MM 267 OM ასაკოვანი ქალი სავარაუდოდ რეცხავს.

როგორც ,,გორის მაცნესთან“ კეჩხუაშვილმა განაცხადა, ფოტო გადაღებულია სკოლის ტერიტორიაზე, კეჩხუაშვილის მტკიცებით, სატრანსპორტო საშუალება ეკუთვნის ვახტანგ სუხიტაშვილს და  ხშირად ხდება, როცა სკოლაში დასაქმებული დამლაგებლები რეცხავენ დირექტორის ავტომანქანას.

,,გორის მაცნე“ შეეცადა მე-3 საჯარო სკოლის დირექტორთან კომენტარისთვის დაკავშირებას, თუმცა, ვახტანგ სუხიტაშვილი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა გორის ოფისის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წარმოდგენილი ფაქტი შესწავლას საჭიროებს როგორც სამეურვეო საბჭოს, ასევე განათლების სამინისტროს და სამართალდამცავების მხრიდან.

ქეთევან ბებიაშვილის განმარტებით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს გავრცელებული ფოტოს და ინფორმაციის ავთენტურობა.

,,პირველ რიგში, უნდა დადგინდეს გავრცელებული ფოტოს და ინფორმაციის ავთენტურობა, რომ ეს არის სკოლის ტერიტორია, რომ ფოტოზე ასახული ავტომობილი ნამდვილად ეკუთვნის სკოლის დირექტორს და ქალბატონი, რომელიც კადრში ჩანს, აღნიშნული სკოლის დამლაგებელია, შემდგომ კი, ამ ყველაფრის ნამდვილობის დადასტურების შემთხვევაში, ფაქტს უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება.

წარმოდგენილი ფაქტი შესწავლას ნამდვილად საჭიროებს როგორც სამეურვეო საბჭოს, ასევე განათლების სამინისტროს და სამართალდამცავების მხრიდან იმის დასადგენად, ადგილი ხომ არ აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას. თუ ფოტოს ავთენტურობა დადასტურდა, ცალსახაა, რომ სკოლის დამლაგებლის სამუშაო აღწერილობაში ვერანაირად ვერ იქნება ავტომობილის გარეცხვა“, - აღნიშნა ქეთევან ბებიაშვილმა.

ცნობისთვის, ფიზკულტურის პედაგოგი თეა კეჩხუაშვილი, დისციპლინური კომიტეტის რეკომენდაციით, გორის მესამე საჯარო სკოლიდან 2022 წლის 2 ნოემბერს გაათავისუფლეს. კეჩხუაშვილი აცხადებს, რომ დირექტრომა სკოლიდან უსაფუძვლოდ გაათავისუფლა, შესაბამისად, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, კეჩხუაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო. გორის რაიონულ სასამართლოში მორიგი სხდომა მიმდინარე წლის 6 სექტემბერსაა ჩანიშნული.

კვირის ამბები