საზოგადოება
12.02.2020 13:21
მიუსაფარ ცხოველთა პროექტის პირველი ტურნე-ექსპედიცია გორიდან დაიწყო

პროექტის ავტორი ზაქარია დოლიძე  ,,კეთილი მანქანით" გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების სააგენტოს ესტუმრა. აღნიშნული სააგენტო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მობინადრე მიუსაფარი ცხოველების იზოლირების, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვას უზრუნველყოფს.

,,ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი ცხოველებისთვის ყველა ტიპის დახმარება. ამჯერად, რამდენიმე მიუსაფარი ძაღლისთვის სახლი მოგვიტანეს და ასევე, საკვები მოზრდილი ცხოველებისა და პატარებისთვისაც. ეს არის აბსოლუტურად საქველმოქმედო მოძრაობა და ძალზე დასაფასებელია პროექტის ავტორის, ზაქარია დოლიძის ამგვარი მზრუნველობა მიუსაფარ ცხოველებზე. სხვათა შორის, თბილისის სხვადასხვა უბნის გარდა, გორში, წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზეც დადგა ზაქარია დოლიძემ მიუსაფარი ცხოველებისთვის ერთი ხის სახლი, ტურნე-ექსპედიციის გაგრძელებას გეგმავს სხვა ქალაქებშიც“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ აფციაურმა.

ზაქარია დოლიძის თქმით, მიუსაფარ ცხოველთა პროექტის ტურნე-ექსპედიციის ფარგლებში, დაპურდებიან და დაბინავდებიან მიუსაფარი ცხოველები 11 ქალაქში: თბილისი, გორი, ხაშური, ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ჩოხატაური, ოზურგეთი, ქობულეთი, სენაკი, ზუგდიდი.

,,მიუხედავად ამბიციური წამოწყებისა, არავის არაფრით არ ვავალდებულებ,
მაგრამ ვისაც ექნება სურვილი, გახდეს უდიდესი სიკეთის თანამონაწილე, შეუძლია მომმართოს და გახდეს წვლილის შემომტანი საკვებით, ან ტრანსპორტირების ხარჯებში!
აუცილებლად მიუთითეთ სახელი/გვარი და სიტყვა ,,ტურნე"
საქართველოს ბანკი, ანგარიშის ნომერი: GE25BG0000000161604591GEL
ვაბინავებთ, ვაპურებთ, ვკურნავთ მიუსაფარ ცხოველებს!
ვასწავლით მოხალისე მსურველებს სახლების კეთებას“, - ამბობს პროექტის ავტორი.


კვირის ამბები