საზოგადოება
01.08.2023 12:07
პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს პაპილომა ვირუსზე 10-დან 12 წლამდე ბიჭების აცრა დაემატა

პაპილომა ვირუსზე აცრა 10-დან 12 წლამდე ბიჭებისთვისაც უფასოა.  აღნიშნული ასაკის მოზარდების ვაქცინაცია პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარს დაემატა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კურსი 2 დოზას მოიცავს და აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 6 თვეა.

„აქამდე, პაპილომა ვირუსზე აცრა,  ვაქცინაციის ეროვნულ პროგრამის მიხედვით, 10-12 წლის გოგონებისთვის  იყო ხელმისაწვდომი. გასული წლიდან კი, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დამატებითი ღონისძიების ფარგლებში, გოგონებს ადამიანის პაპილომა ვირუსის (აპვ) საწინააღმდეგო ვაქცინაცია 26 წლის ჩათვლით, უფასოდ შეუძლიათ. ვაქცინაცია ხელს უწყობს აპვ-ს პრევენციას.

პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაღალეფექტური და უსაფრთხოა. მრავალწლიანი პრაქტიკით მტკიცდება, რომ მას, თითქმის, არ გააჩნია გვერდითი მოვლენები. აპვ საწინააღმდეგო აცრები ტარდება ქვეყნის მასშტაბით, ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც მონაწილეობს იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

ადამიანის პაპილომა ვირუსი იწვევს კანისა და ლორწოვანი გზების ინფიცირებას,   წარმოადგენს რეპროდუქციული სისტემის ყველაზე გავრცელებულ ინფექციას და მრავალი დაავადების გამომწვევი მიზეზია როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.

კვირის ამბები