საზოგადოება
01.08.2023 11:55
გორის მუნიციპალიტეტის მერმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა

გორის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში, რეინჯერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და ყურადღება გაამახვილა  ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილების მნიშვნელობასა და რეინჯერების საპასუხისმგებლო საქმიანობაზე.

გორის მუნიციპალიტეტის ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის განყოფილების ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი  კარლო ამირგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე  დავით იოსებაშვილი და ტანას აღკვეთილის ხელმძღვანელი  დემე ლაცაბიძე.

რეინჯერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენელმა რეინჯერებს სამომავლო გეგმები გააცნო და ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ისაუბრეს, ასევე, მუნიციპალიტეტისთვის დაცული ლანდშაფტის და აღკვეთილის მნიშვნელობასა და მათი განვითარების გეგმებზე.

ცნობისთვის, რეინჯერის მსოფლიო დღე პირველად 2007 წელს, რეინჯერთა საერთაშორისო ფედერაციის (IRF) მიერ აღინიშნა. აღნიშნული დღის მიზანია იმ რეინჯერთა სამსახურის დაფასება, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობისა და, რიგ შემთხვევაში, სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს ბუნებრივ საგანძურს და კულტურულ მემკვიდრეობას.

2023 წლის რეინჯერის მსოფლიო დღის თემა „30-30-ზე“  ეფუძნება 2022 წლის გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციას  და გამომდინარეობს გლობალური ჩარჩოს მესამე მიზნიდან, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის პლანეტის მინიმუმ 30 პროცენტი ეფექტიანად უნდა იყოს დაცული და მართული.

საქართველოში რეინჯერის მსოფლიო დღე - 31 ივლისი, 2017 წლიდან აღინიშნება.

კვირის ამბები