ჩინეთის ქალაქ ჩენგდუში ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშებში გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი ძიუდოში იასპარეზებს.
როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, საქართველოს სახელით ჯამში ტატამზე 7 ძიუდოისტი გამოვა.
რაც შეეხება გორის უნივერსიტეტის სახელით მონაწილე სტუდენტების ვინაობას - თორნიკე მარგველაშვილი (60 კგ.) და გიორგი ლურსმანაშვილი (73 კგ.) სპორტის საგანმანათლებლო პროგრამის II კურსის სტუდენტები არიან, ხოლო გურამ გასიტაშვილი (66 კგ.) ბიზნესის საგანმანათლებლო პროგრამის IV კურსზე სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ გურამ გასიტაშვილი (66 კგ.) შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია. მისი მწვრთნელი კი კოსტანტინე ხუბულურია. გორელმა ძიუდოისტმა მნიშვნელოვანი წარმატება გასულ წელსაც მოიპოვა და „ევროპის უნივერსიადა 2022“-ის გამარჯვებული გახდა.
მსოფლიოს სტუდენტური თამაშები 1959 წლიდან იმართება. საქართველოს სახელით წელს შეჯიბრებებში 40 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
ზაფხულის 31-ე საუნივერსიტეტო თამაშები 8 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურება.