საზოგადოება
12.02.2020 11:05
ივლისიდან შსს-ს ყველა თანამშრომელი მომატებულ ხელფასს მიიღებს
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, პოლიციელებისთვის ხელფასების ზრდისა და პრემია-დანამატების გაცემის საკითხთან დაკავშირებით რეფორმა დაწყებულია და ივლისიდან ყველა თანამშრომელს ხელფასი კიდევ მოემატება. ამასთან, მინისტრმა უწყების თანამშრომელთა ანაზღაურებისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„სახლიდან გამოდიან თანამშრომლები, მაგრამ ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდება თუ არა უკან, არავინ იცის. სამწუხაროდ, ძალიან დაბალი ხელფასები აქვთ. დავიწყეთ შესაბამისი რეფორმების შემუშავება, დამეთანხმებით, ბევრი რამ გაკეთდა წინა მინისტრების დროსაც. გასულ წელს იყო გარკვეული მატება ანაზღაურებაზე, ახლა კიდევ ვგეგმავთ - ივლისიდან კვლავ ემატება ხელფასები ყველა თანამშრომელს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ 40 000 ადამიანზე მეტზე ვსაუბრობთ, რაც საერთო ჯამში საკმაოდ დიდ თანხებზე გადის, ეს არ არის 1, ან 2 მილიონი ლარი“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

პრემია-დანამატების გაცემასთან დაკავშირებით, მინისტრი მიიჩნევს, რომ პოლიციელები იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე მათი ხელფასებია. „ჩვენს თანამშრომლებს დაბალი ხელფასი აქვთ იმასთან შედარებით, რასაც აკეთებენ, რასაც ისინი ემსახურებიან. მე ვცდილობ, დიახაც, ყველას ვეუბნები, თუ მეტი მექნება - მეტ პრემიას მივცემ, მეტ დანამატს მივცემ, იქედან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები აკეთებენ თავის საქმეს. დღე და ღამე ქუჩაში დგანან, რომ ღამე ჩვენ მშვიდად გვეძინოს, ჩვენი შვილები მშვიდობით მოვიდნენ სახლებში. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები  უფრო მეტს იმსახურებენ“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა .

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანაშრომლებს ხელფასები გასული წლის ივლისიდან გაეზარდათ.
კვირის ამბები