საზოგადოება
31.07.2023 11:54
ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გორში აქცია გაიმართა

ჰეპატიტების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გორსა და სოფელ ქვახვრელში აქცია გაიმართა.

მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში C ჰეპატიტისა და აივ ინფექცია/შიდსის ტესტირება ჩაატარეს.

სწრაფი ტესტის გაკეთება ნებისმიერი მოქალაქისთვის მთელი დღის განმავლობაში  შესაძლებელი იყო, ასევე, გორის ჯანდაცვის ცენტრსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში.

„გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მსგავს აქციას გორსა და სოფლებში მთელი წლის განმავლობაში ეტაპობრივად ახორციელებს.

საქართველოში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის სრულიად უფასოა. უფასოდაა ხელმისაწვდომი უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებიც“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორემაციაში.

შეგახსენებთ, 28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება. თარიღის აღნიშვნის მიზანია ამაღლდეს მოსახლეობის ცნობიერება და შემცირდეს ვირუსული ჰეპატიტების გლობალური ტვირთი.

ვირუსული ჰეპატიტები არის პრევენცირებადი, მკურნალობას დაქვემდებარებული და C ჰეპატიტის შემთხვევაში, აბსოლუტურად განკურნებადი დაავადება.

აღნიშნულ დღეს ჯანმო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იმუშაონ ერთად, 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის ელიმინაციისთვის.

კვირის ამბები