გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში დასრულდა. ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს „წმინდაწყალი/ჯარი“ და „ჭალა“ დაუპირისპირდა. მატჩი „წმინდაწყალი/ჯარის“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ მოწინააღმდეგის კარში სამივე გოლი ბექა კაპანაძემ გაიტანა. სპორტსმენი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
რაც შეეხება მესამე ადგილისთვის ბრძოლას, ერთმანეთს „ახალბაღის“ და „ახალდაბის“ გუნდები შეხვდნენ. მატჩი ძირითად დროში ანგარიშით 1:1 დასრულდა. პენალტების სერიაში კი „ახალდაბამ“ 4:2 იმარჯვა.
ტურნირის ორგანიზატორებმა გამარჯვებულ და საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი პრიზები გადასცეს. პირველი ადგილის მფლობელმა გუნდმა 3000 ლარი, მეორე ადგილზე გასულმა - 2000, ხოლო მესამე ადგილოსანმა 1000 ლარი მიიღო.
გარდა ამისა, შეჯიბრების ორგანიზატორებმა სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინეს:
ტურნირის საუკეთესო მეკარედ - იაკობ სეხნიაშვილი („ახალდაბა“) დასახელდა;
მცველი - ილია ლოცულაშვილი („წმინდაწყალი/ჯარი“);
ნახევარმცველი - ზაზა საბიაშვილი („ჭალა“);
თავდამსხმელი - თორნიკე შუბითიძე („წმინდაწყალი/ჯარი“).
გუნდები და ცალკული მოთამაშეები ტურნირის სპონსორებმაც დააჯილდოვეს. მათ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. გარდა ამისა, ტურნირის საუკეთესო მსაჯად დასახელებულ ლავრენტი ბოლოთაშვილს, მსოფლიოს ჩემპიონმა გიორგი კანდელაკმა ფულადი ჯილდო 300 ლარი გადასცა, ხოლო შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონულმა ფედერაციამ ფინალური მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული ნოდარ ხოხრინი სამახსოვრო საჩუქრით დააჯილდოვა.
პირველობა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში გაიმართა. შეჯიბრების ორგანიზატორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი „გორი“.
შეგახსენებთ, „შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2023“-ის ფარგლებში შეჯიბრება კალათბურთსა და ქართულ ჭიდაობაშიც ჩატარდება.