პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნისთვის მომხმარებლის თანხმობა იქნება საჭირო. ამავდროულად, მომხმარებელს შეეძლება მიცემული თანხმობა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიხმოს. მონაცემთა დამმუშავებელი კი ვალდებული იქნება მოთხოვნის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში პირის მონაცემთა დამუშავება შეწყვიტოს. აღნიშნული კონკრეტული ცვლილება 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდება.
კანონი, ასევე, 2024 წლის 1-ელი ივნისიდან ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას და კერძო კომპანიათა ნაწილს ავალდებულებს, რომ ჰყავდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
„განისაზღვრა ის დაწესებულებები, რომლებშიც სავალდებულო იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის არსებობა, კერძოდ: საჯარო დაწესებულება (გარდა რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციები); სადაზღვევო ორგანიზაცია; კომერციული ბანკი; მიკროსაფინანსო ორგანიზაცია; საკრედიტო ბიურო; ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია; ავიაკომპანია; აეროპორტი; სამედიცინო დაწესება, რომელიც მომსახურებას წელიწადში არანაკლებ 10 000 მონაცემთა სუბიექტს უწევს; ორგანიზაცია, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს, ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.