28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა. თარიღი ნობელის პრემიის ლაურეატის და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ შეირჩა.
აღნიშნულ დღეს ჯანმო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იმუშაონ ერთად, 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის ელიმინაციისათვის.
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობით, ქვეყანაში მოქმედი C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროგრამაში ჩართვა, დიაგნოსტიკა და მკურნალობა ყველა პაციენტისთვის სრულიად უფასოა. გარდა ამისა, უფასოდაა ხელმისაწვდომი უახლესი თაობის ძვირადღირებული მედიკამენტებიც.
„პროგრამის დაწყებიდან დღემდე პროგრამაში ჩაერთო 83 183 მოქალაქე. განკურნების მაჩვენებელი 99%-ია. C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების განმავლობაში, ქრონიკული C ჰეპატიტის გავრცელება67%-ით შემცირდა. შეინიშნებაB და C ჰეპატიტების რისკფაქტორების მკვეთრი შემცირებაც. წარმატებული ვაქცინაციისა და ინფექციის მართვის სხვა კომპონენტის სრულყოფით, C ჰეპატიტთან ერთად რეალური ხდება B ჰეპატიტის ელიმინაციის მიღწევა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.