გორელი პოეტის გელა სადაღაშვილის (დანტე დარდიანი) პირველი ლექსების კრებულის - „სინათლე გვირაბის ბოლოს“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას ადგილობრივი მწერლები, პოეტები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეკრებილებმა ახალგაზრდა ხელოვანის შემოქმედებაზე ისაუბრეს და მისი ლექსები წაიკითხეს.
როგორც „გორის მაცნესთან“ საუბარში გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების სექტორის, ანსამბლ ,,გორი"-ს დირექტორმა, საოპერო მომღერალმა და პოეტმა დავით დარბაიძემ აღნიშნა, ლექსების კრებული გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით დაიბეჭდა.
„გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს კომისიამ, გასულ წელს, ჩემი ხელმძღვანელობით გადაწყვიტა, რომ ახლაგაზრდა პოეტისთვის მხარი დაგვეჭირა და მისი შემოქმედება ფართო აუდიტორიისთვის გაგვეცნო. ამ მიზნით, დაიბეჭდა წიგნი და დანტე დარდიანის სახით, კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა გაიცნო საზოგადოებამ“, - გვითრა დარბაიძემ.
„დანტე დარდიანი თანამედროვე ქართული პოეზიის შენაძენი მარგალიტი მგონია, ხან თრთოლვით ეხება მკითხველის სულის სიმებს, ხანაც ვაჟკაცური და პატრიოტული სულისკვეთებით ხიბლავს. მჯერა, უაღრესად ნიჭიერი და თავმდაბალი პოეტი მრავალი შედევრით გაგვახარებს“, - განაცხადა ჩვენთან საუბარში ჟურნალისტმა მანანა თარაშვილმა.
ცნობისთვის, პრეზენტაცია ლომჭაბუკის სკვერში, მწერალთა სახლის ინიციატივით და გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.