სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლების მიხედვით, 2022 წელს, შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 617 ერთეული შეადგინა, რაც 16.4 %-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო შიდსით დაავადებულთა მთლიანი რიცხოვნობა 9 779 ერთეულით განისაზღვრა. 2022 წელს შიდსით გარდაცვალების 140 შემთხვევა დაფიქსირდა.
რაც შეეხება 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის სხვა მაჩვენებლებლებს, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებდა 269 საავადმყოფო და 17.9 ათასი სტაციონარული საწოლი.
ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 284 ერთეულს შეადგენდა. 2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 23.9 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22.0 ათასი.
უწყების ცნობით, ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდსასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილებისა და თვალისა და მისი დანამატების დაავადებები.
წინა წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები გაიზარდა 41.7 პროცენტით, სასუნთქი სისტემის დაავადებები - 36%-ით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები - 12.5%-ით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები - 11.3 პროცენტით, ხოლო კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 9%-ით.
რაც შეეხება ტუბერკულოზს, 2022 წელს, მოსახლეობის ავადობა ტუბერკულოზით 7 ერთეულით გაიზარდა და 1 654 ერთეული შეადგინა. ახალი შემთხვევების რაოდენობა 3.5%-ით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა (4 318 ).