საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 2022 წელს, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებდა 269 საავადმყოფო და 17.9 ათასი სტაციონარული საწოლი.
ქვეყანაში ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობა 2 284 ერთეულს შეადგენდა. 2022 წლის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმების რიცხოვნობამ 23.9 ათასი შეადგინა, ხოლო საექთნო პერსონალის რიცხოვნობამ - 22.0 ათასი.
უწყების ცნობით, ავადობის ძირითადი ჯგუფებიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სასუნთქი სისტემის, სისხლის მიმოქცევის სისტემის, შარდსასქესო სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემადგენელი ქსოვილებისა და თვალისა და მისი დანამატების დაავადებები.
წინა წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია შემდეგ ჯგუფებში: ყურისა და დვრილისებრი მორჩის დაავადებები გაიზარდა 41.7 პროცენტით, სასუნთქი სისტემის დაავადებები - 36%-ით, ზოგიერთი ინფექციური და პარაზიტული დაავადებები - 12.5%-ით, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობები - 11.3 პროცენტით, ხოლო კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები - 9%-ით.