საზოგადოება
28.07.2023 13:33
ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდა

ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის ჯარიმა 1000 ლარს აღემატება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კი 4-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილმა განაცხადა.

„მანკიერი პრაქტიკაა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა, როდესაც მოსავლის აღების შემდეგ გლეხები პირდაპირ ცეცხლს უკიდებდნენ ნარჩენებს ან კარ-მიდამოს დასუფთავებას ისევ ცეცხლით ვცდილობთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. კანონმდებლობით, წელს მსგავსი საქმიანობა აიკრძალა და სანქციებიც გამკაცრდა ზოგადად, ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევაზე. ადმინისტრაციული ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდეა, თუმცა ყველა შემთხვევაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ხდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება. თუ ეს თანხა 1000 ლარს აღემატება, ავტომატურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც 4 წლიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა იორდანიშვილმა.

 

იორდანიშვილის განმარტებით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ტყეში ნარჩენების დატოვება, რამაც,  მაღალი ტემპერატურის პირობებში, შესაძლოა, თვითაალება გამოიწვიოს.

,,ტყის ხანძრების 98%-ზე მეტ შემთხვევაში, ხანძარი სწორედ თითოეული ჩვენგანის გაუცნობიერებელ ან შეგნებულ ქმედებებს მოჰყვება ხოლმე, თუმცა, ამას ემატება კლიმატის ცვლილება, როგორც გვალვის, ასევე, მაღალი ტემპერატურის მხრივ. მთელ მსოფლიოში საკმაოდ ბევრ ადგილას არის კრიტიკული წერტილი ტყის ხანძრების თვალსაზრისით. წესები, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალისწინოთ, საკმაოდ მარტივია - კოცონი არ უნდა დავანთოთ ხის ქვეშ, განსაკუთრებით წიწვოვან ტყეში. საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი საქმიანობა აკრძალულია“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ.

კვირის ამბები