საზოგადოება
28.07.2023 13:06
გორიჯვარში, ,,კაკლების“ ტერიტორიაზე არსებული საპიკნიკე სივრცის ინფრასტრუქტურა დააზიანეს - ვიდეოს გორელი ხელოვანი დავით დარბაიძე ავრცელებს

,,ბოროტების შემოქმედნი“, - ამ სათაურით აქვეყნებს ვიდეოს სოციალურ ქსელში გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების სექტორის, ანსამბლ ,,გორი"-ს დირექტორი, საოპერო მომღერალი და პოეტი დავით დარბაიძე.

ვიდეოში ასახულია სოფელ გორიჯვარში, ე.წ. „კაკლების“ ტერიტორიაზე არსებული საპიკნიკე სივრცე და დაზიანებული ინფრასტრუქტურა.

,,ეს ხდება მეგობრებო ,,კაკლებში“, სადაც ცოტა ხნის წინ, მუნიციპალიტეტის მერიამ, ტურიზმის სამსახურმა მოაწყო გარემო, მაგრამ შეხედეთ, როგორც ჩანს, ჯერ ტყვიები ესროლეს ბანერს და სამიზნედ გამოიყენეს, შემდეგ კი ამოაგდეს და დააგდეს ასე. სირცხვილია, ეს არის ბოროტება, ჩვეულებრივი ბოროტება“, - ამბობს დარბაიძე ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში.

შეგახსენებთ, გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარედ, ე.წ. კაკლების ტერიტორიაზე საპიკნიკე სივრცე მიმდინარე წლის 28 ივნისს გაიხსნა. მოეწყო მაგიდები, სკამები, ფანჩატური და საცეცხლური, ასევე მოპირკეთდა წყარო.ე.წ. ,,კაკლების“ ტერიტორიაზე ახალი საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობა მიზნად ისახავდა გორიჯვრის ეკლესიის მიმდებარე ტყეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ტურიზმის განვითარებას.

კვირის ამბები