გორის საგამოცდო ცენტრში საერთო სამაგისტრო გამოცდები მიმადინარეობს. საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელის თინათინ გვერდწითელის თქმით, დღეს, 28 ივლისს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთა ლოგიკური და რაოდენობრივი მსჯელობა მოწმდება.
„პირველი სესია უკვე დასრულდა. პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. რეგისტრირებული 191 აპლიკანტიდან გამოცდაზე 165 გამოცხადდა. რაც შეეხება მეორე სესიას, აქაც 191 აპლიკანტს ველოდებით. საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 2 საათი და 25 წუთია“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ თინათინ გვერდწითელმა.
საერთო სამაგისტრო გამოცდებზე, ქვეყნის მასშტაბით, სულ, 10 000-ზე მეტი მსურველია რეგისტრირებული.
ცნობისთვის, 2023 წლის გამოცდები დღეს, 28 ივლისს, საერთო სამაგისტრო გამოცდებით სრულდება. გამოცდები უკვე ჩააბარეს აბიტურიენტებმა. გარდა ამისა, ჩატარდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა საგნის გამოცდა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც.
თითოეული გამოცდის პირველადი შედეგის გამოქვეყნება გასწორების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად დაიწყება, რის შემდეგაც გამოსაცდელები საკუთარი შედეგების გასაჩივრებას შეძლებენ.
აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით, მათ შესაძლებლობა აქვთ, სურვილისამებრ შეცვალონ (წაშალონ ან დაამატონ) საგანმანათლებლო პროგრამები.